დაუჭირე მხარი დაბალ საარჩევნო ბარიერს!

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა გაიმართოს, საარჩევნო ბარიერი 5%-ია. ეს კი ძალიან ზრდის იმის ალბათობას, რომ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია - “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” მოხვდნენ.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნას დაახლოებით 30 წლიანი ისტორია აქვს.

სხვადასხვა დროს, პარტიები რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ივიწყებდნენ საკუთარ მოთხოვნასა თუ დაპირებას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ უსამართლო საარჩევნო სისტემას პოლიტიკოსები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იყენებენ.

ასე ხდებოდა შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში.

ამის საპირისპიროდ, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული მოვლენა იყო - არჩევნები სრულად პროპორციული, ბუნებრივი საარჩევნო ბარიერით ჩატარდა.

ქართულმა საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა მიაღწიოს იმ რეფორმას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ მემკვიდრეობასთან კავშირს აღადგენს. მოგვცემს პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების შესაძლებლობას, შეზღუდავს ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების მიერ ძალაუფლების მიტაცების საფრთხეს და დაგვაახლოებს ევროპულ დემოკრატიებთან.

მითუმეტეს იმ დროს, როდესაც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

Sponsored by