პეტიცია - თავისუფლება ლაზარეს!
თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავიუსფლების აღკვეთა შეუფარდა 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პროკურატურა 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა.
“რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული მარტის აქციები საქართველოს ევროპული მომავლისთვის ერთიანი ბრძოლის ცხადი გამოხატულება იყო. კონსოლიდირებული საზოგადოების წინააღმდეგ “ქართულმა ოცნებამ” ვერაფერი გააწყო, თუმცა აქციების დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ ხელისუფლებამ პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნედ ლაზარე გრიგორიადისი აირჩია.
ქართული საზოგადოებისათვის, გასული 12 წლის გამოცდილებით, ცხადია, რომ სასამართლო შტო აბსოლუტურად პოლიტიზებულია - მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკური საქმეების შესახებ ემორჩილება მმართველი პარტიის სურვილებს, რასაც კიდევ ერთხელ და მეტისმეტად აშკარად ადასტურებს აშშ-ის მიერ იმ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირება, რომლებსაც ე.წ სასამართლო კლანის შემქმნელებად და წევრებად იცნობს ქართული საზოგადოება.
მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დიდი შრომა გასწია ლაზარეს დისკრედიტაციისა და მისი, როგორც ექსტრემისტის, ხატის შესაქმნელად და ახალგაზრდა ადამიანი გამოიყენა საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნების იარაღად, ბრალდებას არცერთი მყარი მტკიცებულება არ გააჩნია და მთლიანად ეყრდნობა პოლიციელების ცრუ ჩვენებებს.
ამჟამინდელ ვითარებაში, როდესაც ყველა სახელისუფლებო შტო და დემოკრატიული ინსტიტუტი “ქართული ოცნების” მიერაა მიტაცებული, ერთადერთი, ვისაც აწ უკვე 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობიდან დახსნა შეუძლია, საქართველოს პრეზიდენტია.
ამიტომ, მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს:
თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პროევროპული კურსი და დასავლური ღირებულებები, უნდა უზრუნველყოთ, რომ მარტის აქციების გამარჯვება გამარჯვებად დარჩეს, ლაზარე გათავისუფლდეს და მისი სახით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის ბრძოლას კიდევ ერთი მძევალი არ შეეწიროს მსხვერპლად.
გთხოვთ და მოგიწოდებთ, დაეხმაროთ ქართულ საზოგადოებას ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის შენებაში - შეიწყალეთ 1 წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ პატმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისი.